ბიჟუტერიის შეძენისას საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებთ

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისაიუველირო მაღაზია ჰამბურგში
საიუველირო მაღაზია ჰამბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც აღმოჩნდა, ტყვია და კადმიუმი თბილისში გამოფენილ სამკაულებშიც შედის. მათი ტარების დროს ეს ნივთიერებები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში გასაყიდად გამოფენილ სამკაულებსა და ბიჟუტერიაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებია აღმოჩენილი, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია Momxmarebeli.ge.

ორგანიზაციის ექსპერტებმა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 29 დასახელების სამკაულები შეამოწმეს. აქედან 12 ნიმუშში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.

ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე>>

შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეკრებილი ნიმუშები აშშ-ის ლაბორატორიაში (MSR Laboratories) გაგზავნეს. პროდუქცია ტყვიისა და კადმიუმის შემცველობაზე შეამოწმეს.

„კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო. ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით Saturated", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Momxmarebeli.ge-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში გასაყიდად წარმოდგენილ პროდუქციაზე უკვე მრავალი წელია უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი არ მოქმედებს და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის.

სათამაშოები ვიტრინაში - Sputnik საქართველო
ტყვიის შემცველობაზე სათამაშოებსა და საღებავებს შეამოწმებენ

„მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები", – აღნიშნულია განცხადებაში.

კადმიუმი და ტყვია ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის ამა თუ იმ პროდუქციასთან კონტაქტისას. ეს ლითონები ორგანიზმში გროვდება და სხვადასხვა სახის დარღვევას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს კიბოს გაჩენას, ფილტვების, თირკმელების, ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, ღვიძლს, თირკმელებს. გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რეპროდუქციულ სისტემას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შესაბამისი წერილით მიმართეს მწარმოებლებს, პარლამენტს, მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით პროექტის „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს" ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0