თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში კურიოზულ ისტორიას ყვება.
მისი თქმით, შეშაზე „მონადირეობის“ თავგადასავალი, ახალგაზრდა წყვილისთვის სავარაუდოდ რომანტიკული საღამოს ჩაშლით დასრულდა, რისთვისაც, პარტიის სახელით, ბოდიშს იხდის.
მისი თქმით, შემთხვევა აქციის დარბევამდე მოხდა, როდესაც ერთ მომენტში ორი შეკვრა წალმით დატვირთული ოთხი დეპუტატით აღჭურვილი ორი მანქანა დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ გათბობის უსახიფათოესი აქტის განსახორციელებლად, სადაც მათ აედევნა პოლიციის 5-მდე მანქანა.
„ჩვენებმა იფიქრეს, თავგზა ავუბნიოთ შეშაზე მონადირეებსო და აუხვიეს ტაბიძეზე, სადაც მათ პოლიციის მანქანებმა გადაასწრეს და ინგოროგყვაზე ასახვევი გზა გადაუკეტეს. ჩვენებმა გზა გააგრძელეს დავითაშვილისკენ... ბოლოს გააჩერეს ჩვენი დეპუტატები სადღაც ზემოთ, თბილისის თავზე, ამავე დროს იქვე იდგა ერთი სხვა მანქანა, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა წყვილი მისცემოდა თავის ინტიმურ, ან ინტიმურამდე ჯერ არმისულ მშვიდობიან და სასიამოვნო საქმეს… ქალაქის ხმაურისგან განმარტოვება ნდომებიათ ახალგაზრდებს. იფიქრეს ამაზე კარგ ადგილს რას ვნახავთო. ჰოდა დაატყდათ თავზე ოთხი დეპუტატი და 50 მდე პოლიცია“,- წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.
26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან გაყვანის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დააკავეს 28 პირი.
ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეეშალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებისთვის პლენარული სხდომის ჩატარებაში. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ბოიკოტი გამოაცხადეს. ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.