თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში იკრიბებიან. გამთენიისას განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტის შენობის დიდი ნაწილი პოლიციის მიერ არის გარშემორტყმული.
სპეცრაზმმა მომიტინგეები პალამენტის შენობას განარიდა>>
მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება ორშაბათს დაიწყეს, რათა დღეს ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მუშაობაში. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ოპოზიციამ დაშლაზე უარი განაცხადა. შედეგად, დილის ხუთი საათის შემდეგ შსს-მ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები შენობის შესასვლელებიდან განდევნა.
„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა", – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში მისვლისას.
აქციის მონაწილეებმა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გრძელდება, დილით კვლავ სცადეს შენობის შესასვლელებთან მისვლა, მაგრამ პოლიციამ ისინი არ მიუშვა.
„უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ისინი ხედავენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების, პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათი მიზანი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება", – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.
საპროტესტო აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაშავდა>>
ოპოზიციამ ხელისუფლებას ალტერნატიული ვარიანტი – ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა. ეს მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით.
ხელისუფლება აცხადებს, რომ „გერმანული მოდელის" დანერგვისთვის კონსტიტუციაში შესწორებებია საჭირო. ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს.