თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზკვების 45 ობიექტში დარღვევები აღმოაჩინა, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს სპეციალისტებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს.
გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 45 ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.
„კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებს.
კვლევები საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.