07:01 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
ნინო ლომჯარია

„ეს შუასაუკუნეობრივი აზროვნებაა" – ლომჯარია ფილმის პრემიერის ჩაშლის წინააღმდეგია

© photo: Nino Lomjaria / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
7301

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ძალადობაც მიუღებელია.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძე, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

„ეს შუასაუკუნეობრივი აზროვნებაა. ჩვენ სახელმწიფოში კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება და ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას, ან რა ფილმს უნდა უყუროს, ან რა წიგნი წაიკითხოს", – განაცხადა ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე.

კინოჩვენებები თბილისსა და ბათუმში 8-10 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ქმედებები თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ აქციის მონაწილეებს და შსს-ს... იმედი მაქვს, პოლიცია იქნება მობილიზებული და თავიდან იქნება აცილებული გართულებები", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბილეთი რომ ჰქონდეს, თავადაც სიამოვნებით წავიდოდა ფილმის პრემიერაზე. ფილმის ბილეთები რამდენიმე დღეში ელვის სისწრაფით გაიყიდა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალადობაც მიუღებელია.

კინოფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. დრამის რეჟისორი ლევან აკინია.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

მთავარი თემები