თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.
დღეს პროკურატურამ ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით 19:00 საათზე დაიბარა.
გამოძიების ცნობით, გვარამიამ „რუსთავი 2“–ის გენდირექტორობის პერიოდში, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, „რუსთავი 2-ში“ განთავსებული რეკლამის სანაცვლოდ, „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porche Macan S, რის გამოც ტელეკომპანიამ სარეკლამო თანხები დაკარგა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
„ვფიქრობდი ძველი თანამდებობრივი დანაშაული იყო, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია. ე.წ ვითომ მანქანა. არ იყო ცუდი მანქანა, მაგრამ მაგის ყიდვა არ გვეღირსა. ახლა ვიხდით ჯარიმებს... ჩემი კონტრაქტორი კომპანიებისგან მე არაფერი არ მიყიდია, თუმცა ამის უფლება მქონდა და მიყიდია არაერთგზის. მაგრამ ეს მანქანა, რაც მთავარია, ვიყიდე მე, ჩემი გადაწყვეტილება იყო. არ დაგიმალავთ, ბრალი რომ წაეყენებინათ იმაზე, რომ „ტოიოტას ცენტრს“ ეს მანქანა ძალით ჩავადებინე სარეკლამო ბიუჯეტში, რომ მერე მეყიდა და „რუსთავი 2“-საც შემოსავალი ჰქონოდა და მეც მანქანა, ეს უფრო რელევანტური იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ბრალი არის სხვა“, – განახადა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიამ დასძინა, რომ თუ მას დააკავებენ ეს იქნება მისი დროებით განეიტრალება.
„თუ დამაკავებენ, იქნება ეს ჩემი განეიტრალება დროებით, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს მოიწევს. ჩემი ამოცანა და მისია არის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა...”- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მან ის მაინც გადაიხადა.
6 სექტემბერს კი პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.