თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) ბიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, გრიგოლ კაცია დაიბადა ქალაქ სოხუმში, ექიმის ოჯახში 1972 წელს. 1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1989 წელს დაამთავრა სარატოვის საშუალო სკოლა, ხოლო 1995 წელს სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი. 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ასპირანტურაში – სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.
2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 2005 წელს საქართველოში დაბრუნდა. 2005-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 2010 წელს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა. ამავე ტაძარში ეკურთხა დიაკვნად და განმწესდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში. 2010 წელსვე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში. 2013 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მისი კურთხევა მოხდა. 2015 წლის 13 იანვრიდან იგი აგარაკ-წალკის ეპარქიის მმართველია.
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.