09:14 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
რუსთავი 2

სასამართლომ Rustavi 2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
96 0 0

ტელეკომპანიის წილებზე პრეტენზია გამოთქვეს არხის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სკანდალურად ცნობილი ტელეკომპანია Rustavi 2-ის დამფუძნებლების სარჩელი და „რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაადო, განაცხადა ჟურნალისტებთან მოსარჩელე მხარის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა „რუსთავი 2" აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს. ისინი 60%-იან წილს მოითხოვენ, რაც მათ 2004 წლამდე ჰქონდათ, ვიდრე ტელეკომპანიას პაატა კარსანიძე შეიძენდა. მოგვიანებით კარსანიძემ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა.

აქიმიძე და დვალი ამტკიცებენ, რომ მათ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები ზეწოლით დაათმობინა. 2003 წლიდან დაწყებული „რუსთავი 2" „ვარდების რევოლუციის" და შემდეგ მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერი იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი მთავარი ოპოზიციური არხი გახდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქიმიძემ და დვალმა პროკურატურას მიმართეს, უწყებამ ისინი დაზარალებულად ცნო, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

2004 წლის შემდეგ „რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი.

2015 წელს სასამართლოს სარჩელით ქიბარ ხალვაშმა მიმართა. მან ტელეკომპანიის იმდროინდელი მფლობელებისგან 100%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა და პირობა დადო, რომ საქმის მოგების შემთხვევაში დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს დაუთმობდა. მაშინ მათ განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ.

ხალვაშმა ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს. მოგვიანებით ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევა ვერ იპოვა.

შედეგად, 2019 წლის 18 ივლისს „რუსთავი 2" ხალვაშისა და კომპანია „პანორამას" მფლობელობაში გადავიდა. ეს კომპანიაც ხალვაშს ეკუთვნის.

ამის შემდეგ ხალვაში დვალსა და აქიმიძეს შეხვდა და მათ ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

გასულ კვირაში ხალვაშის ადვოკატმა და „რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადის (10 წელი) გასვლის გამო სასამართლო საქმის განხილვას არ დაიწყებდა. კოჟორიძემ კი აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა პროკურატურაში სარჩელის შესვლის დროიდან შეწყდა.

ადრე ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყო და სინამდვილეში ტელეკომპანია მას ეკუთვნის.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმაც, რომელსაც ასევე ეთქვა უარი მისი სარჩელის განხილვაზე.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები