პაატა სალია: „ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს“

© Sputnik / Alexander Imedashvili„რუსთავი2“-ის ლოგო
„რუსთავი2“-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არალოგიკური უწოდა ტელეარხის დამფუძნებლების ბრალდებები, რომლებიც 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ტელეარხის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული ვინმეს რამე დაუთმოს, განაცხადა ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა საკუთარი პირობები წამოაყენეს >>

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები დაათმობინა, მათთვის 40%-იანი წილის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. მათ მოქმედი ხელისუფლება ტელეარხის მიტაცების მისწრაფებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა მათი საჩივრის განხილვას შვიდი წლის განმავლობაში აჭიანურებს. დვალი და აქიმიძე 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ.

„ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს და ეს მეორე მხარემაც კარგად იცის. საუბარი, რომ რატომ მეტს არ მჩუქნი, არასერიოზულია“, - განაცხადა სალიამ.

ხალვაშმა სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეარხი დაათმობინეს და ახლა ის მას უნდა დაუბრუნდეს. სტრასბურგის სასამართლომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე „რუსთავი2“-ს მფლობელი შეეცვალა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

სალიამ ასევე უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ხალვაშის უკან თითქოს დგას ხელისუფლება, რომელსაც „რუსთავი2“-ის გაკონტროლება სურს.

„ყოველდღიურობა გვაჩვენებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს ისე მუშაობას, როგორც ადრე მუშაობდა, ჟურნალისტებს ხელს არავინ არ უშლის. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა მათ. ბოდიში, მაგრამ დათო დვალის განცხადება იყო, რომ ის აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა?“ – აცხადებს სალია.

მისი თქმით, ხალვაშის უფლებები დაადასტურა როგორ სტრასბურგის სასამართლომ, ისე ქართულმა სასამართლოებმა. ხოლო როდესაც ხალვაში სთავაზობდა დამფუძნებლებს წილს, მან განმარტა, რომ მათ ექნებოდათ გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური.

შეიცვლება თუ არა „რუსთავი2“-ის მფლობელი >>

„როდესაც კომპანიას ფინანსური ვალდებულებები აქვს, როგორც წესი, პარტნიორები დამატებით ძალისხმევას მიმართავენ- ან საწესდებო კაპიტალს ავსებენ, ან მოაქვთ სესხი და ამით კომპანიის გაჯანსაღებაში მონაწილეობენ. ანუ თუ პარტნიორები ვართ, პარტნიორები უნდა ვიყოთ ყველა გაგებით“, - განაცხადა სალიამ.

მიუხედავად ამისა, ტელეარხის ძირითადი ჟურნალისტები ხალვაშს არ ენდობიან, აქტიურად აკრიტიკებენ საინფორმაციო გამოშვებებში და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სწორედ ძველი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის ძალისხმევით არხი წლების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი და ყველაზე რეიტინგული.

სიტუაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა. ამჟამად კი ტელეკომპანია ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტელეარხია.

დვალმა და აქიმიძემ ტელეკომპანია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააფუძნეს. კიწმარიშვილი გარდაცვლილია. დვალსა და აქიმიძეს 60% წილი ჰქონდათ.

რაც შეეხება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე ბოლო მოვლენებს, მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ხალვაშმა „რუსთავი 2“ გადაიფორმა, საკუთარ უფლებებზე განცხადება გააკეთა თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პირველ ეტაპზე „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო, რაც ოქრუაშვილის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში ტელევიზიის მხოლოდ ნომინირებული მფლობელი იყო, სინამდვილეში კი არხი მას ეკუთვნოდა. ამგვარად, მოსამართლეებს ახალი ჩახლართული საქმის გარჩევა მოუწევთ.

ვინ არის ნიკა გვარამია >>

თავის მოთხოვნებს ოქრუაშვილი ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტით, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატებმა დოკუმენტს ყალბი უწოდეს. უფრო მეტიც, მათ საქართველოს პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი დოკუმენტების სასამართლოში გამოყენების გამო.

პარალელურად „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები და ყოფილი გენერალური დირექტორი ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში წარსადგენად, სადაც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ ნაწილს – მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0