ილია მეორე: საკვირველია ჩვენი წარსული, აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

გამოწერა
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში მივაღწევთ დიდ წარმატებას, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. 

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო

საქართველოში დღეს, 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მოსახლეობას და მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ღმერთმა წყალობა მოგვცა მართლაც და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში მივაღწევთ დიდ წარმატებას“, – განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, სვეტიცხოვლობა უდიდესი დღესასწაულია და შემთხვევითი არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. 

ათასობით მორწმუნემ მცხეთაში სვეტიცხოვლობა აღნიშნა - Sputnik საქართველო
ათასობით მორწმუნემ მცხეთაში სვეტიცხოვლობა აღნიშნა – ვიდეო

„მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად“, – განაცხადა პატრიარქმა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ასევე იმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილია საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

მცხეთაში სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება და გალა-კონცერტით დასრულდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

 

ყველა ახალი ამბავი
0