15:27 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
მომზადება სკოლისთვის

განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოების სრულყოფას აპირებს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (154)
127 0 0

გრიფირებული სახელმძღვანელოების საუკეთესო ნიმუშებს თავად სკოლები აირჩევენ

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება არის განათლების კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, სწორედ ამიტომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად უწყება აპირებს განახორციელოს გრიფირების პროცესი ახალი კონცეფციის მიხედვით, რის შედეგადაც მოსწავლეები მიიღებენ წიგნებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური პარამეტრებით.

გრიფირება - სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომლის დროსაც სახელმწიფო კომისიის ექსპერტები აფასებენ მის ხარისხს. ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელი წიგნები აკმაყოფილებს ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და რომელი არა.

„ეს პროცესი და თავად სახელმძღვანელოები შესაბამისობაში მოვა რეფორმის მთავარი პროექტის „ახალი სკოლის მოდელის" კონცეფციასთან, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებას და რაც მთავარია, წიგნიერების დონის ამაღლებას", - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

როგორ განაწილდება მილიარდები 2020 წლის ბიუჯეტიდან >>

იმისათვის, რომ გრიფირების პროცესი წარმატებული იყოს, განათლების სამინისტრომ გაზარდა სახელმძღვანელოების ხარისხის და შინაარსის გაუმჯობესების დრო. შესაბამისად, გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საბოლოო თარიღად 2020 წლის 19 ივნისი განისაზღვრა.

2020 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, საქართველოში ყველა სკოლამ გრიფირებული სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიოს.

განათლების სამინისტრო მოუწოდებს ყველა სკოლას, მასწავლებელსა და მშობლებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ გრიფირებული სახელმძღვანელოები და შეარჩიონ ის, რაც, მათი აზრით, საგანმანათლებლო პროცესში ყველაზე ეფექტურ შედეგს გამოიღებს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი კონცეფციის შედგენაში. ესაა გამოცემები, ავტორები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის მთავარი სიახლეა სამინისტროს, დაინტერესებული მხარეების და ქვეყნის გამომცემლობების აქტიური თანამშრომლობა და კონსულტაცია. გრიფირების პროცესის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, გამომცემლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი. ამის შემდეგ, ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად არის შედგენილი სახელმძღვანელო, რა არის მასში გასათვალისწინებელი და შესასწორებელი.

როგორც ცნობილია, 2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს: მე-8 კლასის ყველა სახელმძღვანელო (ჯამში 17 საგანი), დაწყებითი კლასების და მე-7 კლასის  ზოგიერთი სახელმძღვანელო, მე–6 კლასში - ქართული, როგორც მეორე ენა, ფრანგული ენა, მე–7 კლასში - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ფრანგული და რუსული ენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახლა მიმდინარეობს განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა და სხვა. რეფორმები გაგრძელდება ოთხი წლის განმავლობაში და მიზნად ისახავს საქართველო გადააქციოს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

თემები:
განათლება საქართველოში (154)

მთავარი თემები