თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი სოლისტი, რუსეთის დამსახურებული არტისტი ბადრი მაისურაძე გახდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის ივლისში მიხეილ გიორგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მან საქმოანობის გაგრძელება კერძო სექტორში გადაწყვიტა. გიორგაძეს კულტურის მინისტრის პოსტი 2014 წლიდან ეკავა, თუმცა, 2018 წლის ზაფხულში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისა და რიგი სამინისტროების შერწყმის შედეგად, იგი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გახდა.
ბადრი მაისურაძეს 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 2019 წელს, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოში სტარტი აიღო ვერდის საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა.
ბადრი მაისურაძე იყო ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრისა და სეულის ოპერის თეატრის კონსულტანტი, ასევე მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) ხელმძღვანელი.
იგი საუბრობს ქართულ, რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე.