თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. პეტრას ბიზანტიური ციხე, რომლის კარგად შენახული ნანგრევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს, მალე ტურისტული ობიექტი გახდება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. ხანგრძლივი ალყის შემდეგ კარგად გამაგრებული ქალაქი სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე დაანგრიეს.
ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის შედეგად ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკები, გაჩნდება ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო სივრცე და ავტოსადგომი.
„უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ტურისტული ობიექტი", – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1 750 ათასი ლარია.
პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-სიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.