აჭარაში, სოფელ ციხისძირში მდებარე ბიზანტიურ ციხე პეტრაში, სადაც არქეოლოგებმა უძველესი ნივთები აღმოაჩინეს, მუშაობა გრძელდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო უძველესი ძეგლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ნივთების შესახებ.
პეტრას ციხის ტერიტორიაზე, რომლის ნანგრევებიცაა შემორჩენილი, არქეოლოგებმა VI საუკუნით დათარიღებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღი იპოვეს.
ციხე ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროსაა აგებული. „პეტრა“ მისი ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო ქართული — „ქაჯეთის ციხე“. ზოგი ვარაუდით, ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.
ციხე-ქალაქი პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში სწორედ ციხე-ქალაქის კონტროლზე იყო დამოკიდებული.
ეს გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომისა.
XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და კარგად გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს აქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. ციხისძირი საქართველოს 1878 წელს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით.