„დილაობით გამყიდველებს ჰპარავს ბურბუშელებს, შუადღეს ტელევიზიაში ადის, ყავაზე...“

CC0 / Pixabay / ყვავი
ყვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკის ბინადრებზე არაერთი სახალისო ისტორია გვსმენია.

თბილისის ზოოპარკის სოციალური გვერდი ყვავ „ბრანის“ შესახებ სახალისო ინფორმაციას ავრცელებს. ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, რომ „ბრანი“ კეთილგანწყობილი, გონიერი და უაღრესად საყვარელი ფრინველია, არც არწივებს ეომება და, საერთოდ, მსგავსი არაფერი გაუვლია გულში და ცოტა ნაწყენიც კია პოეტებზე – სახელს გვიტეხენ პატიოსან ყორნებსო.

ირკვევა, რომ ყვავი ზოოპარში გაზარდეს და ახლა ფაქტობრივად ზოოპარკის თანამშრომლად თვლიან. სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ არსად არ მიდის.

ნიამორი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში მატებაა

„წავა, წამოვა, გაისეირნებს, გამოისეირნებს და ბრუნდება უკან. დილაობით გამყიდველებს ჰპარავს ბურბუშელებს. შუადღეს ტელევიზიაში ადის, ყავაზე. სადილზე დაივლის ზოოპარკის განყოფილებებს და სძალავს – ზოგს ორცხობილას, ზოგს – ხორცს, ზოგს – სამაჯურს და ზოგს – ბრტყელტუჩას. მერე დაჯდება სამათხოვროდ საცხობის წინ და ღრიალებს, მაჭამეთ რამეო. რომ მოსწყურდება, სარწყულებელს მიაშურებს. სასაცილო სანახავია ხოლმე – უეცრად გამოჩნდება შავი, ავისმომასწავებელი ჩრდილი და რომ დაიძაბება სიტუაცია და ხალხი წიწილებივით დაფანტვას დააპირებს, დასკუპდება უწყინრად და წრუპავს მოკრძალებულად. ხალხმაც რა ქნას. უთმობენ რიგს. თან გრილა იმ ადგილას და შეიძლება კარგა ხანს იჯდეს წყალს დაპატრონებული დევივით. და ელოდება მოწყურებული ხალხი. აბა – ქშა, ქშაო, ვინ გაუბედავს“, – აღნიშნულია ზოოპარკის ინფორმაციაში.

ადმინისტრაცია საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ისტორიას ჰპირდება „ბრანზე“.

ყველა ახალი ამბავი
0