თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობამ 5,4 ათასს მიაღწია, რაც 64%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.
შემაკავებელი ორდერები გაიცემა მსხვერპლის სახლიდან მოძალადის გარიდების, მსხვერპლის მოძალადისგან დაცვის, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის, მოძალადის მხრიდან იარაღის ტარების აკრძალვის მიზნით.
ორდერების ყველაზე მეტი რაოდენობა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დაცვას ისახავს მიზნად, გამოწერილია თბილისში, ყველაზე ნაკლები კი გურიაში.
თბილისი | 2655 |
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი | 563 |
ქვემო ქართლი | 477 |
კახეთი | 443 |
აჭარა | 428 |
შიდა ქართლი | 345 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი |
258 |
მცხეთა-მთიანეთი | 131 |
სამცხე-ჯავახეთი |
66 |
გურია | 33 |
წლის პირველ ნახევარში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მიეცა, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.
„აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
137 შემთხვევაში დამრღვევი იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში – ქალი.
შსს ძალადობის მსხვერპლთ და ყველას, ვისაც ინფორმაცია აქვს ოჯახური ძალადობის შესახებ, მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია პოლიციას. პოლიციისთვის მიმართვისგან თავის შეკავებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
შსს-ს ინიციატივით შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა – დარღვევის პირველივე შემთხვევა ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და არა ადმინისტრაციულ დარღვევად.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყო. ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახური კონფლიქტების ფონზე ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს ოჯახური „გარჩევების" შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.