თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სკოლის დირექტორის გარდაცვალება – პროკურატურა დირექტორის შვილს დაზარალებულად არ ცნობს >>
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური სამართალწარმოების პროცესში ჩართული მოქალაქეების მხარდაჭერის, დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით ამოქმედდა.
სამინისტროს ცნობით, კოორდინატორის ფუნქციას წარმოადგენს: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა, მოქალაქეებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად იმუშავებს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, სექსუალური ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად დაზარალებულებსა და საქმის მოწმეებთან, ასევე, შშმ პირებთან, არასრულწლოვნებთან და მათ წარმომადგენლებთან.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, საპილოტე რეჟიმში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამოქმედდა.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი განახორციელებს.