პუტინის გინება პირდაპირ ეთერში: რა ელოდება გაბუნიას ქართული კანონმდებლობით

© courtesy of Giorgi Gabuniaგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი იურისტების განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გინების გამო რაიმე სახის სასჯელი არ ელოდება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საჯარო შეურაცხყოფისთვის ტელეკომპანია Rustavi 2-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პრაქტიკულად არაფერი ემუქრება, მას შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ შემთხვევაში, თუ „დაზარალებული მხარე“ სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მიმართავს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი2-ის შენობა - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის ისტორია – სკანდალები, სასამართლოები და რეპუტაცია

საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საკვირაო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ გამოშვებამ – იგი დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. გადაცემის ავტორი გიორგი გაბუნია პირდაპირ ეთერში დაახლოებით წუთ-ნახევრის განმავლობაში რუსულ ენაზე იგინებოდა.

„როცა ასეთი ლანძღვაა, მაშინ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, მიყენებული მორალური ზიანის სანაცვლოდ შეუძლია მოითხოვოს ადმინისტრაციული სასჯელი ან ბოდიში. თუმცა, რასაკვირველია, პუტინი ამის გამო სასამართლოში არ იჩივლებს. ამიტომ, თუ არ იქნება საჩივარი, საქმეს მსვლელობა არ მიეცემა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ლოცვები, შიმშილობა და სექს-უმცირესობები: თბილისი საპროტესტო ტალღამ მოიცვა>>>

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გაბუნიას პირდაპირ ეთერში გინების გამო რაიმე სახის სასჯელი არ ელოდება.

„სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს, რომ გამოთქმის გამო, მით უმეტეს, ჟურნალისტის, შეიძლება მას რაიმე სახის ბრალი წარედგინოს. აქ, ალბათ, შეიძლება იყოს მორალური შიდასატელევიზიო პასუხისმგებლობა, შიდაუწყებრივი გამოძიება“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

„პირდაპირ ეთერში გინება არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

„სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც გუშინ „რუსთავი 2“-თან შეიკრიბნენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ. მაგრამ კანონში ასეთი რამ არ არის და, შესაბამისად, ასეთი რამ ვერ მოხდება... ცალკე საკითხია, რა სურს საზოგადოებას და მეორე – რა წერია კანონში“, – განაცხადა სალაძემ.

სალაძის განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ქვეყნის მოსახლეობას მოუწევს იმის მოსმენაც კი, რაც მათ შეიძლება არ მოსწონდეთ.

ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია გმობს სიძულვილის ენას

„გამოხატვის თავისუფლების“ მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვიწევს იმის მოსმენა, რაც არ მოგვწონს. სხვა საკითხია, რომ ეს შეიძლება იყოს მიუღებელი, არაეთიკური განცხადებები მედიის წარმომადგენლების მხრიდან და ამისთვის თვითრეგულირების ორგანო არსებობს“, – აღნიშნა სალაძემ.

ჟურნალისტის ქმედებამ სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. ამასთან, ტელეკომპანიის ეზოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას, აცხადებდნენ, რომ გვარამიამ და გაბუნიამ ტელეკომპანია უნდა დატოვონ და სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

საპროტესტო აქციის ფონზე ტელეკომპანიის ადმინისტრაციამ არხი დროებით გათიშა და ხელისუფლებისგან თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა. Rustavi 2-ის დირექციამ საკუთარი წამყვანის ქმედების გამო ბოდიში მოიხადა და ამასთან აღნიშნა, რომ არსებობს „ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალური საფრთხე“ და ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

მომხდართან დაკავშირებით ორშაბათს განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა „მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში“. განცხადების ავტორების თქმით, „რუსთავი2“-თან დაკავშირებულმა სიტუაციამ, შესაძლოა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0