07:40 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
საპროტესტო აქცია ლგბტ-საზოგადოების წინააღმდეგ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დღეს ვაკის პარკში შეკრებას გეგმავენ

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ღირსების მარში ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდამჭერების მონაწილეობით ხვალ, 8 ივლისს გაიმართება

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის გაპროტესტებას დღეს, 19:00 საათზე ვაკის პარკში დაიწყებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღეს ღირსების მარშის ორგანიზატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარში ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად  ხვალ, 8 ივლისს გაიმართება. თუმცა, კონკრეტული დრო და ადგილი ცნობილი არ არის.

როგორც საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, მათი მიზანი ღირსების მარშის ჩაშლაა და სწორედ იმისთვის იკრიბებიან დღეს ვაკის პარკში, რომ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელონ.

„თუ გავიგეთ, რომ ღირსების მარში ტარდება რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დღესვე მივალთ და დავიკავებთ იმ ადგილს, რათა მარშის გამართვის საშუალება არ მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია კორდონს აღმართავს, ვეცდებით, გავარღვიოთ. შევეცდებით „თბილისი პრაიდი“ ჩავშალოთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, ღირსების მარშის ჩასაშლელად, ისინი ხვალ, 10:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

„8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია,“ - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ღირსების მარშს სოციალურ ქსელ Facebook-ში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროვოკაციაა.

„ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებას გამოეხმაურა ასევე  „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

„სიცოცხლის გაწირვაც რომ დამჭირდეს, გეი აღლუმის ჩატარებას არ დავუშვებ“, - აცხადებს ბრეგაძე.

თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.  თბილისი პრაიდი 18 ივნისს დაიწყო და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო  ღირსების მარშიც.

„თბილისი პრაიდი“ გადაიდო: ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ >>

2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ იმართებოდა.

მთავარი თემები