თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის დაჯგუფებებს შექმნის და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ უკანონო ფორმირების შექმნის, მისი ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რადგან კანონით „დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება, ან მისი შექმნისკენ მოწოდება“.
„შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
დედაქალაქში 18-23 ივნისს „ლგბტ-პრაიდის კვირეულის" ჩატარებაა დაგეგმილი. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი". საქართველოს საპატრიარქომ პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისში გეი-აღლუმის ჩატარება. იმავე დღეს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს.
ჰომოფობიის დღე: გაერო ლგბტ თემის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს >>>
ამის პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი აქციის მონაწილეებს შორის. შედეგად პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა.
17 ივნისს ლევან ვასაძემ მიტინგი შეკრიბა, სადაც „სახალხო რაზმების“ შექმნაზე ილაპარაკა.
„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით. ეს ათეულები ათ-ათი შეიკრიბებიან ასეულებად, ეყოლებათ ასისთავები. ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა იგინოს, იფურთხოს, იბილწსიტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის", – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, სახალხო რაზმები თბილისში ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
„ისინი გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება, მშვიდად, წყნარად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა... ჩვენ მათ ხელებს შევუკრავთ ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან. გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტამთ მათ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეს", – განაცხადა ვასაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ „სახალხო რაზმებში" აღმოჩნდება ვინმე დანით, მაშინ ორგანიზაციის „ათეული თვითონ შეკრავს მას ქამრით, თვითონ დადებს მიწაზე და ჩააბარებს მას, როგორც პროვოკატორს".
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი.
„რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.