თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში 1200-ზე მეტმა მშობელმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღების სურვილი გამოთქვა, შესაბამისი განცხადებით მათ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ წელს ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ეხება. რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა „მრავალშვილიანი ოჯახის“ ფორმულირება, ანუ ოჯახი, რომელშიც ოთხი და მეტი ბავშვი იზრდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განაცხადეს, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდა 82 მოქალაქეს, მათ შორის 55 დედა და 27 მამაა. ათასზე მეტი განაცხადი განხილვის სტადიაშია.
ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან სახელმწიფო ცენტრს. ყველა მრავალშვილიან მოქალაქეს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ პირობებს პასუხობს, შესაბამისი სტატუსის დადგენა სრულიად უფასოდ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ადრე სტატუსის მინიჭების რაიმე ზოგადი წესი ან პასუხისმგებელი უწყება არ არსებობდა.
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ოთხი ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი ჰყავს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი - დედაც და მამაც.
მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე დღეს მიიღება.
დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება. მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსს 12,5 ათასი ოჯახი მიიღებს.
ოთხშვილიან ოჯახს ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად ყოველთვიურად 20 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 10 ლარს ჩაურიცხავენ.
ელქტროენერგიის საფასურის დაფარვაში დახმარების გარდა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ბავშვები სხვადასხვა წრეებსა და სპორტულ სექციებზე უფასოდ მიიყვანონ, მათ ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას შეღავათები ექნებათ.
ასევე, ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობა „აწარმოე საქართველოში“ კამპანიის ფარგლებში საწარმოთა დაფინანსებისას უპირატესობას მრავალშვილიან ოჯახებს მიანიჭებს.