19:28 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი „თბილისი პრაიდზე": სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მანიფესტაციის ჩატარება

© photo: Ombudsman / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (19)
9710

თბილისში LGBTQI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ) პრაიდის კვირეულის გამართვა 18-23 ივნისს არის დაგეგმილი

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლების სრულფასოვანი რეალიზება და მოახდინოს კერძო პირებისგან მათი სათანადო დაცვა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „თბილისი პრაიდის" მიერ „ღირსების მარშის" ჩატარებას და უსაფრთხოების ნორმებს ეხება.

შსს: „თბილისი პრაიდის" ჩატარება დიდი რისკის გამო შეუძლებელია>>>

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თბილისი პრაიდის"ფარგლებში „ღირსების მარშის" ჩატარება დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით შეუძლებელია. უწყებამ ამის მიზეზად ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები დაასახელა. ორგანიზატორების განცხადებით, შსს-მ მათ „ღირსების მარშის" დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა.

„იმ შემთხვევაში თუ სახეზეა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძველი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა ემსახურება კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევას, მისი გამოყენება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არის არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს", -აღნიშნულია განცხადებაში.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ზოგადი განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ასეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.

სახალხო დამცველის განცხადებით, ლგბტ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას", -ნათქვამია განცხადებაში.

ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „ღირსების მარშის" ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება, მათი უფლების განხორციელების შეზღუდვისას კი გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს.

თბილისში LGBTQI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ) პრაიდის კვირეულის გამართვა 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (19)

მთავარი თემები