ჯერ ისევ გააზრების პროცესში ვარ – ვინ არის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვა

გამოწერა
სოციალურ ქსელში ბექა მამუკაშვილი გმირი ბიჭის შესახებ წერს, რომელმაც ლაგოდეხში 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის ცხედარი იპოვა.

ბექა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ ჩანაწერს იმის შესახებ, თუ როგორი ადგილიდან გადავარდა ლაგოდეხში 16 წლის სკოლის მოსწავლე სოფი ნიკოლეიშვილი, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ბექა მამუკაშვილის თქმით, ცხედრის მოძებნა საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა და რომ არა ადგილობრივი რეინჯერი შალვა გელაშვილი, გოგონას ცხედრის მდინარიდან ამოტანა, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.

"ჯერ ისევ გააზრების პროცესში ვარ, სად ვიყავი და რა ვნახე. იქ როგორ და რატომ აიყვანა ზრდასრულმა და ნორმალურმა ადამიანმა არასრულწლოვანი ბავშვები რეინჯერის გაფრთხილების მიუხედავად, ჩამოწოლილი მეწყერის ნახვის შემდეგ, უაზროდ საშინელი დაბრკოლებების მიუხედავად, არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ, რომელმაც ასვლის მომენტშივე მიიქცია ყურადღება.

ფოტოზე ადგილობრივი რეინჯერი შალვაა, რომელიც თავისი ძმაკაცის მიერ შარვალში ჩავლებით იყო დაზღვეული და გადაკიდებული იყო ამ საშინელ ადგილზე და ნაჯახით ჭრიდა კუნძს, მანამდე კი ცალ-ცალი ფეხით ეჭირა ორ კაცს და ბენზოხერხით ჭრიდა, შემდეგ გაიჭედა ეს ხერხი ხეში, ეს ჩაძვრა და ცალი ხელით ამოიღო.

თბილისიდან ჩამოსული ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ნათრევი (რომელსაც პირადად მე ვეხმარებოდი დაბრკოლებების გადალახვაში) მაშველის კოლეგებმა რომ ვერაფერი ქნეს, მყინთავმაც ჟანბადის ბალონითაც, ორთოკიანი დაზღვევით და სპეციალური თერმოტანსაცმლითაც რომ ვერაფერი შეამჩნია, გაბრაზებული შალვა უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა ქვის ქვეშ. გაოცებულმა რომ ვკითხე ადგილობრივს, ეს ნორმალური თუა-მეთქი, მიპასუხა, 25 წლის ბიჭის გადარჩენის ოპერაციისას 3 მაშველი გადაარჩინაო.

მაშველები - Sputnik საქართველო
ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

გავიდა 15 საათი, ვერაფერი უქნეს დინებას, მყინთავსაც ჟანგბადი გაუთავდა. შემდეგ შალვამ ჩაიცვა მყვინთავის ფორმა, უბალონოდ ძვრებოდა შიგნით, თოკებიც მოაბა და მერე გაიქცა. რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბალონი უნდა ამოვიტანოო. 14 კილომეტრი იყო წინ და უკან.

შალვას და შალვასნაირი ადამიანების წყალობით, როგორც იქნა, გამოიყვანეს ცხედარი თითქმის 24-საათიანი წვალების შემდეგ. ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათ გარეშე დღემდე არ გვეცოდინებოდა, იქ იყო თუ არა, გამოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მაშველებმა ვერაფერი ქნეს საერთოდ, გარდა ცხედრის ჩამოსვენებისა.

დღეს დაკრძალვისას შალვა ჩამოსული ყოფილა. ოდესმე თუ რამე ძალაუფლება ან ქონება მექნება, ამ სოფელში სათითაოდ ყველა მოსახლეს, დაწყებული შალვათი და დამთავრებული სასტუმროს მეპატრონე ცოლ-ქმრით და გაგრძელებული ალექსათი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ლაგოდეხში, გზებს გვასწავლიდა და ასვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ გამოყვანაში მიეხმარა, ოქროს ძეგლები უნდა დავუდგა. 

ფილმში რომ მენახა მსგავსი სიტუაცია, ვიტყოდი, ეს ფენტეზის ჟანრსაც სცდება-მეთქი, მაგრამ, აი, ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, არ ვუჯერებდი თვალებს რას აკეთებდნენ შალვა და შალვას მეგობრები.

ცოცხალი გმირის ნახვა თუ გინდათ, კარგად დააკვირდით ფოტოს", – წერს ბექა მამუკაშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ 27 მაისს იპოვეს.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ, ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად გოგონას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0