თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ქალაქის დღის - „ბათუმობის“ ზეიმის ვრცელი პროგრამა ელოდებათ.
„ბათუმობა" ტრადიციულად სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა, თუმცა 2019 წლიდან ღონისძიება ყოველწლიურად 28 არილს ჩატარდება. დღეს ბათუმელები ქალაქში თვითმმართველობის დაარსებიდან 131-ე იუბილეს იზეიმებენ.
საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება >>
დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატორი ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა, რომელმაც საკუთარ Facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, თუ როდის არის უმჯობესი „ბათუმობის" აღნიშვნა – გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ პირველი ვარიანტი აირჩია.
ზეიმი 12:00 საათზე დაიწყება და ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს, როგორ წინა წლებში, ხელისუფლება ბათუმელებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში, დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დაესწრონ ფილმების ჩვენებას. დღესასწაულის პატარა სტუმრებისთვის კი საბავშვო კუთხე გაიხსნება.
საზაფხულო თეატრში კონცერტი 12:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები: ASEA SOOL, MELOMANIAKK, SEA SIDE, FOUR SEASONS, TWO X TWO, BLACK SEA, COGNAC, GEO PLANET, FREE SPACE, ასევე ირაკლი ფაღავა, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე. 19:00 საათზე დაიწყება მიუზიკლი Welcome to Georgia.
კოლონადებთან იმპროვიზებულ სცენაზე ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის, ნინო ქათამაძის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონის, სტეფანე მღებრიშვილის, ნინა სუბლატის, ნოდიკო ტატიშვილის, ლაშა ღლონტის, Young Georgian Lolitaz-ისა და სხვების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტის დასაწყისი 21:00 საათია.
ბათუმი შეიძლება „ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდეს >>
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სახელმწიფო კაპელა, რევაზ ლაღიძის სახელობის ქალთა გუნდი, კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი.
გალა-კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაიმართება.