09:22 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
Католикос-Патриарх Всея Грузии Илия Второй, архивное фото

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

9 აპრილი არის ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს გარდაცვლილთა  სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

უწმინდესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მღვდელმთავრები. 

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით ამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

1989 წელს სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის უმეტესობა ქალი იყო.

1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.  

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

9 აპრილი არის ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. 

მთავარი თემები