თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
აუტიზმის მეორე მხარეს: განსაკუთრებული თვისებების მქონე ბავშვის დედის ნაამბობი>>
ბახტაძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს თბილისში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება.
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან ერთად დედაქალაქის მერი კახა კალაძეც დაესწრო. მან შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობასა და მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.
„მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნეს-სექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება", – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს ეს დაფინანსება შვიდჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით ოთხ მლნ ლარს უთანაბრდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიას ამ ეტაპზე 951 ბენეფიციარი ჰყავს, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, მათ შორის, არ არსებობს სერვის-ცენტრები 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის.
აუტიზმის ეროვნულ ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი" ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი 16 წლის ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ადამიანებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.
აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია უვიცობაა>>
თბილისის მერიის ცნობით, კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე ინკლუზიურ კომპონენტს.