თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამაში ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელიც აქამდე რიგში იმყოფებოდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, პროგრამის ბენეფიციართა ლიმიტი 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება და ყველა ის ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს.
„როდესაც მე ვიყავი საკრებულოში, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა, თუ შეიძლება გავზარდოთ ბავშვთა რაოდენობა, ვისაც მოემსახურება მერია, ჩვენ დავსხედით ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ ბენეფიციართა რაოდენობა", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროგრამაზე 3 700 ათასი ლარი იხარჯებოდა, გაფართოების შემდეგ კი დამატებით 445 ათასი ლარი გამოიყოფა.
გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება.