თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს 51,1 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც 4%-ით ნაკლებია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
ამ 51,1 ათასი დაბადებული ბავშვიდან 26,5 ათასი ბიჭია და 24,6 ათასი გოგონა. „საქსტატის" ინფორმაციით, ას გოგონაზე 107,7 ბიჭი მოდის.
უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია - საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები>>>
გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (16,1 ათასი ბავშვი) დაიბადა, ყველაზე ნაკლები შობადობა კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა – 328 ბავშვი.
საქართველოში ყველაზე ხშირად შვილებს აჩენენ 25-დან 39 წლამდე ასაკის ქალები – 66%, 2017 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 64,6% შეადგინა. რაც შეეხება 25 წლამდე მშობიარეებს, 2017 წელთან შედარებით მათი პროცენტული მაჩვენებელი 32,7%-დან 31,1%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 46,5 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 2,7%-ით ნაკლებია.
ქვეყნის დემოგრაფები დიდი ხანია განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო პირდაპირი მნიშვნელობით დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. მათი სიტყვებით, შობადობის შემცირებამ და მიგრაციის გაზრდამ ქვეყანა რთულ შედეგებამდე მიიყვანა და თუ დაუყოვნებლივ არ გატარდება ზომები, რეგიონები ერთმანეთის მიყოლებით დაიცლება.
მიბაძეთ „თი-ბი-სის“ – ბანკმა მრავალშვილიან თანამშრომლებზე 600 ათასი ლარის პრემია გასცა>>>
დემოგრაფების პროგნოზით, საქართველოს შობადობის კიდევ უფრო ვარდნა ემუქრება, რამდენადაც 1990–2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980–1990-იან წლებში. თუ ამჟამად საქართველოში საშუალოდ 49 ათასი ბავშვი იბადება, ექვსი წლის შემდეგ ეს რიცხვი 35 ათასამდე დაიწევს. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თითოეულმა ქალმა მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინოს.