06:27 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ეკოლოგია საქართველოში -2018 (45)
152 0 0

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სასმელი წყლის ხარისხი და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. ზოგიერთ ქალაქში სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოს დაცვის საკითხებზე გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საკოორდინაციო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს.

წყალი ხარისხიანი ყველგან არ არის

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისსა და რეგიონებში წყლის ხარისხი შემოწმდა >>

თუმცა, პრემიერის თქმით, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოში.

„ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტის შუა რიცხვებში თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. თბილისში სასმელი წყალი დადგენილ ნორმას სრულიად აკმაყოფილებს და რაიმე დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, სააგენტოს მონაცემებით, იქ სიტუაცია გაუმჯობესებულია.

საქართველოში წყლის შემოწმება უფრო მასშტაბური გახდა. მაგალითად, თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ნიმუშს იღებდნენ, დღეს ეს ციფრი უკვე 500-ს აჭარბებს.

ტყვია ბავშვების სისხლში

წყლის ხარისხის საკითხის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი. პრემიერის თქმით, აღნიშნული პრობლემა თანამედროვე  სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტყვიის თემა აქტუალურია საქართველოში. ეკოტოქსიკოლოგები მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით მოსახლეობის 100%-ს ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა აქვს.

ვითარების შესწავლის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა მიმდინარეობს.

ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში. ტყვია ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ. თუ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ტყვიას, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

თემები:
ეკოლოგია საქართველოში -2018 (45)

მთავარი თემები