05:27 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)
106 0 0

სოციალური მუშაკები შრომის აუტანელ პირობებს უჩივიან

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს სოციალური მუშაკები 25 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას დაიწყებენ და შრომის მძიმე პირობებს გააპროტესტებენ, უამბო „Sputnik-საქართველოს“ სოცაგენტების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა.

საქართველოში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება >>

სოცმუშაკების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 4 წლის გოგონას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ. ინციდენტი იანვრის პირველ რიცხვებში მოხდა.

„სამუშაო გრაფიკი არანორმირებულია. 24 საათი კვირაში 7 დღე. სოცმუშაკი ფაქტობრივად სულ გზაშია, სატრანსპორტო ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ფარავს. არ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება ბენეფიციარს, არც იურისტი, და სოცმუშაკს უწევს იურისტის და ფსიქოლოგის სამუშაოს შესრულება. თბილისში სოცმუშაკის ხელფასი ხელზე 666 ლარს შეადგენს, რეგიონებში - დაახლოებით 620 ლარს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

სოცმუშაკების პრეტენზიების სია 22 პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის.

ჯანდაცვის წარმომადგენლებს ეს მოთხოვნები 8 თებერვალს გააცნეს.

„დაწყებულია მოლაპარაკებების პროცედურები. კანონით გათვალისწინებულ ვადებში გამოყვეს მედიატორი. მოლაპარაკებები თვენახევარს გაგრძელდა. გუშინ გაიმართა თამარ ბარკალაიასა (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) და თამაზ მოდებაძის (სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორი) შეხვედრა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი გონიერი დაპირება არ გაჟღერებულა - თუნდაც რომ წარმოდგენილი პრობლემებიდან რომელიმე მაინც შესაბამის ვადებში გადაწყდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს აბსოლუტურად ყველა სოციალური მუშაკი, გარდა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლებისა.

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედას ბრალი დაუმძიმდა >>

საინიციატივო ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი გაფიცვის შესახებ უკვე აცნობა. რამდენად ხანგრძლივი იქნება პროტესტი, დამოკიდებულია იმაზე, მოილაპარაკებენ თუ არა სოცმუშაკები და უწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის 244 სოციალური მუშაკია.

მარტის პირველ რიცხვებში სამინისტროში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე სოცმუშაკების რაოდენობა 294-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, თბილისში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალებას, ამ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ბავშვის დედა, ხოლო ოთხი სოცმუშაკი, რომელიც ოჯახს კურირებდა, სამსახურიდან დაითხოვეს.

22 იანვარს გარდაცვლილ ბავშვს, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა.  მისი დედა, ლეილა ქსოვრელი დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვი მიმღებ ოჯახში მიებარებინა, პერიოდულად ის სახლში მიჰყავდა, ხოლო როდესაც აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის რაიმე კვალი არ შეუნიშნავთ.

ახლა ქსოვრელს 11 წლის პატიმრობა ელოდება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში–2018 (222)

მთავარი თემები