არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს

გამოწერა
უწყების ცნობით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი გამკაცრდება

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 116 პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათგან ოთხი პირი მხილებული იყო გაუპატიურებაში, ორი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში, ხოლო 86 ადამიანი კი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში. 

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

„არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა", - აღნიშნული განცხადებაში.

ამ მიზნით სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

ასევე, თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0