„ამ მანქანას მთელი მსოფლიო იცნობს“ – რატომ მოხსნეს აივნიდან ლეგენდარული „ნოლ შესტი“

გამოწერა
„ჟიგულის“ მარკის ცისფერი ავტომობილი მეოთხე სართულის აივანზე თბილისის ღირსშესანიშნაობად დიდი ხნის წინ იქცა.

მანქანა დიღომში სახლის აივანზე საუკუნის მეოთხედია დგას და არეული 90-იანების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე დღის წინ კი, 27 წლის შემდეგ პირველად ცისფერი „ნოლ შესტი“ მიწას დაუბრუნდა. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აივანზე მდგარი „ჟიგულის“ უკან ერთი ადამიანის გულის ამაჩუყებელი ისტორიაა, რომლის ოცნებას, სამწუხაროდ, ახდენა არ ეწერა.

„პარკინგი აივანზე“

დიღომში ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს. თუ ზუსტი მისამართი არ იცით, შეიძლება დაიკარგოთ კიდეც. მაგრამ ერთნაირ შენობებს შორის 25 წლის განმავლობაში არსებობდა ერთი ორიენტირი – საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ათასიდან ამოიცნობდით. მის აივანზე „ვაზ-2106“ იდგა.

როგორ მოხვდა ცისფერი „შესტი“ მეოთხე სართულზე, ამის შესახებ ნებისმიერი ადგილობრივი მოგიყვებათ.

„თავის დროზე ამ მანქანის შესახებ რეპორტაჟების გადასაღებად ჩამოსული იყვნენ BBC, CNN, Euronews, რუსული პირველი არხი, НТВ და სხვები, ამ მანქანის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის“, – გვიყვება ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ თვაური.

1991 წელს თბილისელმა რეზო ენუქიძემ შეიძინა ახალთახალი „ვაზ-2106“, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მაგრამ მანქანით სიარული არ დასცალდა. პირველივე ღამეს უცნობმა ბოროტმოქმედებმა მანქანას საბურავები მოხსნეს. ავტომობილის მფლობელი იმდენად განაწყენდა, რომ ამწე მოიყვანა და ავტომობილი პირდაპირ თავის აივანზე აიტანა.

ოცნება

„მანქანა აქ დარჩება, სანამ კარგი დრო არ დადგება“, – ასე უთხრა ენუქიძემ მეზობლებს.

საავტომობილო „საცობი კოსტავას ქუჩაზე - Sputnik საქართველო
მილიონი ავტომობილი, ანუ ქართველი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იმგზავრებს

როგორც ჩანს, ავტომობილი იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, რომ მან ვერ ნახა ის „კარგი“ დრო იმისათვის, რომ „ჟიგული“ მიწაზე დაებრუნებინა. ის მას ძალიან უვლიდა და უფრთხილდებოდა თავის აივანზე – რეგულარულად რეცხავდა და წმენდდა. თუმცა, ახალი საბურავები ვერ გაუკეთა. ალბათ ამის გაკეთებას მაშინ აპირებდა, როდესაც ავტომობილს ძირს ჩამოუშვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ნოლ შესტი“ ჟურნალისტების მხრიდან არაერთხელ გახდა ინტერესის ობიექტი, ენუქიძეს მათთან ურთიერთობა გულზე არ ეხატებოდა, მას ეს არ სჭირდებოდა, ამბობენ მეზობლები, იმიტომ რომ ის პოპულარობას არ ეძებდა. მას ოცნება ჰქონდა და მის ასრულებას ელოდა.

„მიწაზე დაეშვა“

ახლახან Facebook-ში გაჩნდა ვიდეო, სადაც ცისფერი „ვაზ-2106“-ის ბორბლები, როგორც იქნა, მიწას შეეხო, მაგრამ, სამწუხაროდ, რეზო ენუქიძეს ამის ნახვა არ ეღირსა. მან ვერც გასეირნება შეძლო თავისი მანქანით, რომელსაც 27 წელი ასე უვლიდა და უფრთხილდებოდა. წლინახევრის წინ გარდაიცვლილა...

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ოჯახის წევრებმა ვიღაც კოლექციონერისთვის ამ რარიტეტული და თითქმის ნულოვანი გარბენის მქონე მანქანის მიყიდვა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ას ადგილი სამუდამოდ შეიცვალა. ჟურნალისტები აქ აღარ მოვლენ უჩვეულო სანახაობის გადასაღებად, ხოლო დიღმის სტუმრებს ერთსახოვან „ხრუშჩოვკებს“ შორის თვალსაჩინო ორიენტირი აღარ დახვდებათ...

ყველა ახალი ამბავი
0