ადმინისტრაციულ საზღვრებთან სოფლებში მოსახლეობა გაზის ვაუჩერებს მიიღებს

გამოწერა
ამ ზამთარს ბუნებრივი აირის საფასურის გადასახდელად 200 ლარის ოდენობის დახმარებას 14 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები თითოეული ოჯახი გაზის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. სახელმწიფო ასევე გადაუხდის სწავლის ფულს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებს ამ სოფლებიდან, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ბრიფინგზე.

სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში ფულადი დახმარება შეუნარჩუნდებათ>>

საქართველომ კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა; 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, რის საპასუხოდაც თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მცხოვრებს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა", – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარების პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება.

„ყველა სოფლის გაზიფიკაცია დასრულდა. საუბარია 62-ზე მეტ სოფელზე, ანუ 14 ათასამდე აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი აქვს. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. უკვე რამდენიმე წელია ისინი გაზის საფასურის ვაუჩერს იღებენ და გამონაკლისი არც ეს ზამთარი იქნება, რადგან მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ", – აღნიშნა ციხელაშვილმა.

საბავშვო მოედანზე - Sputnik საქართველო
მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოში ელექტროენერგიის გადახდაში დაეხმარებიან

რაც შეეხება სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, ბოლო ოთხ წელიწადში მათი რაოდენობა 433-დან 1,2 ათასამდე გაიზარდა.

ციხელაშვილი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო წყალმომარაგების პრობლემას. მისი თქმით, გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელში ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ხოლო 26 სოფელში ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. წლის ბოლომდე სიტუაცია 17 სოფელში გამოსწორდება.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ეხება. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქვეყნის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0