საქართველოში ავტოკატასტროფები გახშირდა - ექსპერტები განგაშს ტეხენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი დანაშაულის ადგილზე
პოლიციის ლენტი დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა საქართველოში ხდება არა ტექნიკური გაუმართაობის გამო, არამედ მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მიიჩნევს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე.

მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ >>

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2,2 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავტოავარია ვანში - დაღუპულია დედა და შვიდი თვის ბავშვი

„ძირითადად დიდი ავარიები ხდება მძღოლის დაუდევრობისა და ავტომობილის გადატვირთვის გამო, მსუბუქი ავტომობილებით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებში ჭარბობს ადამიანური ფაქტორი, მძღოლის მიერ სიჩქარის ლიმიტის დაუცველობა. კანონი გვავალდებულებს, ისე შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლების დროს შეძლოს გვერდის ავლა ან სრული გაჩერება“, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.​

მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად 500-600 ადამიანი იღუპება საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. 

„გნებავთ ამას “შავი ჭირი” დავარქვათ, გნებავთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ განგაშის ზარები რომ არის შემოსაკრავი, ეს ფაქტია. სამწუხაროდ გახშირდა ფაქტები, როდესაც ბავშვი უკან სავარძელზე ღვედის გარეშე ზის, ან წინა სავარძელზე, საქარე მინასთან უფროსის კალთაში. ასევე, ხშირად მძღოლი საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრობს. ბევრმა არ იცის რას ნიშნავს, საჭესთან მობილურ ტელეფონზე თუნდაც ერთხელ დახედვა, ამ დროს ფაქტობრივად თვალდახუჭული მოძრაობს ადამიანი“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა - მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენისთანავე მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

2017 წლის ნოემბრიდან ამუშავდა „ჭკვიანი კამერები“, რომელთა უპირატესობა იმაშია, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0