თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ქვეყანაში კანაფის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის იდეასთან დაკავშირებით კვლავ მკვეთრი განცხადება გააკეთა.
დღეს მთავრობის სხდომაზე მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავენ>>>
შაბათს საქართველოს მთავრობამ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით კანაფის წარმოების ლეგალიზების თაობაზე პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. „ბალახის" მოწევის ლეგალიზაციის კვალდაკვალ აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფონზე მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკითხის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანის (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქომ ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და თითქოს მოძღვრების ნაწილს არ აქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი.
საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.
ასე რომ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა – მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებს და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.
შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.