მამაკაცებო, მზეს ერიდეთ! – დამწვრობის ცენტრში პაციენტთა 50% მამაკაცია

გამოწერა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრში ზაფხულის დასაწყისიდან მზის დამწვრობით მამაკაცების მიმართვიანობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და მთლიანი რაოდენობის 50% შეადგინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ქაშიბაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით, დამწვრობის ცენტრში დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი პაციენტების მიმართვიანობა — როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად.

დამსვენებლები ბათუმში აუზთან - Sputnik საქართველო
რუჯი ნებისმიერ ფასად: გოგონამ ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობა მიიღო

ამ დროისთვის ცენტრში მზის დამწვრობით მხოლოდ ერთი პაციენტი — 22 წლის გოგონა მკურნალობს. მას სხეულის 30% — მკერდი და ზურგი აქვს დამწვარი. ქაშიბაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამას გარდა, დამწვრობის ცენტრი დღეს დატოვა 12 წლის გოგონამ, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო.

საქართველოში ამ ზაფხულს სულ ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის ხუთი შემთხვევა დაფიქსრიდა, რაც გასული წლის ზაფხულის პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

„საუბარია 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.

ქაშიბაძე მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, გამოიყენონ მზის დამცავი და დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონები და კრემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0