თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ადვოკატები და ოჯახის წევრები ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზის საქმე წარმოებაში არ მიიღო.
თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ — რა გარიგებას სთავაზობენ დეკანოზ მამალაძეს>>>
თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მივმართავთ ჩვენც ოჯახის წევრები პრეზიდენტს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის შეწყალება და გათავისუფლება. შეიწყალებს თუ არა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში. იმედიანად ვუყურებთ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას, რადგან ბოლო განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან ძალიან იმედისმომცემი იყო. იმედია, ღმერთი გაუნათებს გონებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას", — განაცხადა დეკანოზის ძმამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მას ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
პატიმრობაში მყოფ დეკანოზს, თუკი მას პრეზიდენტი არ შეიწყალებს, 7-წლიანი პატიმრობა ელის.