სად გადაიტანენ ბათუმის აეროპორტს

© photo: Media Holding "KVIRA" / FBბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობა ბათუმის აეროპორტის გადატანის თაობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გეგმავს

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის, შეიძლება სხვა ადგილას გადაიტანონ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აღნიშნული ინიციატივის განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებენ. რიჟვაძე ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის ჩატარებას აანონსებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 31 პროცენტით გაიზარდა

„საკითხი კონცეპტუალურად დგას, და რა თქმა უნდა, ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების შემდეგ ჩვენ უფრო დეტალურად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის დამტკიცების დროს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ კოლეგებს ბათუმის აეროპორტის გადატანის თაობაზე ინიციატივა გააცნო. დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტს ქობულეთში გადაიტანენ, მთავრობა შეძლებს საინვესტიციო ჭრილში უფრო მიმზიდველი პროექტები განახორციელოს.

„ეს წინადადება ინიციატივის დონეზეა. ვთვლი, რომ აეროპორტის მხარეს ბათუმს ძალზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. სწორედ აეროპორტის არსებობის გამო არ ხდება ამ ადგილის განახლება. აეროპორტის გადატანის შემთხვევაში, ადგილს განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა ექნება", – განაცხადა ანანიძემ.

აეროპორტის ადგილმდებარეობის ახალ ადგილად გურიის სოფელი მერია სახელდება. საბჭოთა დროში იქ სამხედრო აეროდრომი იყო აშენებული. აქედან პირველი რეისი ოზურგეთი–მოსკოვი 1995 წელს განხორციელდა. ამ დროისთვის აეროდრომი არ ფუნქციონირებს.

ასეც ხდება: ბათუმის აეროპორტმა სამშობიაროს ფუნქცია შეითავსა>>>

„ბათუმს აეროპორტი სჭირდება. შესაძლოა, ის არ იყოს საერთაშორისო და მხოლოდ შიდა ფრენებზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ის საჭიროა, რადგანაც თავის დროზე აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და მნიშვნელოვანი ინვესტივია ჩაიდო. მისი გაუქმება და ფუნქციონირების შეწყვეტა, რა თქმა უნდა, არასწორია", – განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე კომპანია HUB GEORGI–ის დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში სამი სერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ყველა ახალი ამბავი
0