თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ნახევარი წლის განმავლობაში ტექნიკური ინსპექტირება გაიარა დაახლოებით 38,2 ათასმა სამგზავრო და სატვირთო ავტომობილმა. აქედან აუცილებელი პირობები ვერ დააკმაყოფილა 858 ერთეულმა, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა აღემატება 3,5 ტონას, ასევე ავტომობილებისთვის, რომელთაც რვა და მეტი სამგზავრო ადგილი აქვთ.
ურიადმყოფელის თქმით, დაახლოებით 38,2 ათასი სამგზავრო და სატვირთო ავტომობილიდან გამართული აღმოჩნდა 28,6 ათასი, ხოლო 8,8 ათასს ხარვეზები აღმოაჩნდა.
8,8 ათასი ხარვეზიანი ავტომობილიდან განმეორებითი შემოწმება გაიარა 6,2 ათასმა ავტომობილმა, ხოლო 257 ხელახლა დაიწუნეს.
იმ ავტომობილებს შორის, რომლებმაც ვერ გაიარეს ტექდათვალიერება და რომელთაც აეკრძალათ საქართველოს გზებზე სიარული, არის თბილისის მუნიციპალური მიკროავტობუსებიც.
პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს, მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.
წლის დასაწყისიდან ტექდათვალიერების არარსებობის გამო უკვე დაჯარიმდა დაახლოებით 2,6 ათასი ავტომობილი. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირისთვის არის 50 ლარამდე, იურიდიული პირისთვის — 200 ლარამდე. ასევე 50 ლარით დაჯარიმდებიან უშუალოდ ის მძღოლები, რომლებიც მართავენ ავტომობილს ტექდათვალიერების გარეშე.
ტექნიკური ინსპექტირება 1 ივლისიდან სავალდებულო გახდა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის. 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.