თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, სადაც 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, დამატებითი ავტობუსები დაინიშნა, ნათქვამია შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით:
მეტრო „ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით N175 სკოლამდე და ასევე გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 სკოლებამდე;
მეტრო „ვარკეთილიდან" N117 სკოლამდე;
მეტრო „სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
მეტრო დიდუბიდან N147 სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.
განცხადებაში მითითებულია ასევე საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი.
წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე ელით. კერძოდ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს გამოცდაზე, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ. გასულ წლებში აბიტურიენტები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ეროვნულ გამოცდებზე კალმების ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გამოცდის დროს მათ მათი შეცვლა რამდენჯერმე უწევდათ. შექმნილია ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება >>
წელს კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.
აბიტურიენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულო საგანია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი შერჩევითი გამოცდა — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი. სწორედ ამ ბოლო საგნებს შეეხება სიახლე.