თბილისი, 21 ინისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების სისტემის სერიოზულ რეფორმას აპირებს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრემიერის პოსტზე ფინანსთა ყოფილი მინისტრის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა 14 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან ერთ დღეში დაასახელა. ბახტაძესა და მის პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტმა ნდობა გუშინ გამოუცხადა.
„საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს">>
პროგრამის თანახმად, რეფორმა განათლების სისტემის ყველა დონეს შეეხება. კერძოდ, სკოლამდელი განათლებისთვის იგეგმება ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის დაწესება როგორც განათლებისა და სკოლისთვის მომზადების, ისე კვების, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენის კუთხით. ამასთან, მთავრობა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის პროფესიული სტანდარტის დაწესებას აპირებს.
რეფორმა შეეხება სკოლის განათლებასაც. სასწავლო დაწესებულებების მუშაობა მიმართული იქნება მოსწავლეების შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობისკენ. შეიცვლება სახელმძღვანელოები, რომლებიც მოსწავლეების ასაკის შესატყვისი იქნება აზრობრივად და წონით.
რეფორმა შეეხება პროფესიულ განათლებასაც. ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთდება პრაქტიკაზე, ხოლო პრიორიტეტული გახდება სამეწარმეო განათლება.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ბახტაძე უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას აპირებს – სახელმწიფო მეტ გრანტს გამოყოფს იმ პროფესიებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის არის აუცილებელი.
ამას გარდა, ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის იმოქმედებს ევროკავშირის სტანდარტები, უმაღლესი სასწავლებელი აკრედიტაციას მხოლოდ ამ სტანდარტების სრული შესატყვისობის შემთხვევაში მიიღებს.