თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მეტრო დღეს, 14:00 საათისთვის ამუშავდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
აღნიშნული გადაწყვეტილება მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა თბილისის მერიაში გუშინ, გვიან ღამით გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.
თბილისში უკვე მესამე დღეა მეტროს 23-ვე სადგური დაკეტილია, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია — გაუსაძლისი საცობები გზებზე, ტაქსის გასამმაგებული ფასები და მგზავრებით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.
მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 45%-ით მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ქუმსიშვილი: მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი>>>
თბილისის მერიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის იმხელა რესურსი არ გააჩნია, როგორც ამას მომიტინგეები მოითხოვენ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6,3 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 240 ადამიანი მეტროს მემანქანეა.