თბილისი, 22 მაისი — Sputnik. „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტის თანახმად, აკადემია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსების ორგანიზებას ითავებს. კურსების დამთავრებისთანავე აკადემია მსმენელებს გადასცემს სერტიფიკატებს, რომელიც თანამშრომელთა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კომპეტენციას ადასტურებს.
თანამშრომლობის საწყის ეტაპზე დაგეგმილია ტვირთამწე მექანიზმების 21 ოპერატორის და ტვირთების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება და ატესტაცია. მუშავდება ელექტროშემდუღებელთა და გაზმჭრელთა გადამზადების პროგრამა.
ერთობლივი პროექტების განხორციელების ფარგლებში „ბათუმის ნავთობტერმინალში“ აკადემიის ბაკალავრები და პროფესიული განათლების სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. შემდგომში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საკადრო რეზერვის შესაქმნელად სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იგეგმება.
2008 წლის თებერვლიდან „ბათუმის ნავთობტერმინალის“ და ბათუმის საზღვაო პორტის მართვის ექსკლუზიური უფლების მესაკუთრეა სს „ყაზტრანსოილი“, რომელიც სს „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა. „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შავი ზღვის პირას, ქალაქ ბათუმის ზოლში მდებარეობს და კლიენტებს ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას სთავაზობს.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ძირითად უპირატესობას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვა-გადატვირთვის მოქნილობა წარმოადგენს. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.