თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში „ევროპის დღე 2018"-ს საზეიმო ღონისძიებებით 5 მაისს აღნიშნავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.
საზეიმო ღონისძიებები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პარკს ევროპულ სოფლად გადააქცევენ. იგეგმება წარმოდგენების, თამაშებისა და სხვა საპრიზო გათამაშებების გამართვა.
17:00-დან 19:00 საათამდე ღონისძიების ძირითადი ნაწილი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართება.
„ევროპის დღე 2018" ევროპის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.
მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური შოუ The Voice оf Germany-ს გამარჯვებული ნათია თოდუა და მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight.
ევროპის დღე — ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაულია.
მსოფლიოში ევროპის ორი სხვადასხვა — ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული დღე აღინიშნება, შესაბამისად, 5 და 9 მაისს.