„აგარის შაქრის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

© FB / Gtuc აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების აქცია თბილისში
აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვიდი თვის წინ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაეხურა ქარხანა, რომელიც სოფელ აგარაში ერთადერთ სამუშაოს წარმოადგენს

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. „აგარის შაქრის“ ყოფილი თანამშრომლები ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ქარხნის თანამშრომლების პროტესტი 47 დღე გრძელდება. ისინი აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ და მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ. მომიტინგეებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდნენ.

„კითხვაზე პასუხი აინტერესებს ამ ხალხს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. როგორ გაითენოს ხვალინდელი დღე. შიმშილის ზღვარზე კი არა შიმშილობს რეალურად. 49-ე დღეა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს ქარხანა გააგრძელებს თუ არა მუშაობას და თუ ვერ გააგრძელებს ამ შემთხვევაში რა ზომას მიმართავს ხელისუფლება“, — აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, აგარელებისთვის ეს ქარხანა ერთადერთ სამუშაოს წარმოადგენს. საპროტესტო აქციების დაწყების მომენტიდან მომიტინგეებს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ შეხვდა, აღნიშნა მან.

„110 კილომეტრი გამოვიარეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა მთავრობისთვის, რათა „აგარამ“ გააგრძელოს ფუნქციონირება, ეს ხალხი არ იყოს გაღატაკებულ მდგომარეობაში. ქარხანა გაჩერდა, ხალხი გარბის, აგარა იცლება. მეშვიდე თვეა, ქარხანა გაჩერებულია. 60-დღიანი აქციები გვქონდა, რომელსაც გამოხმაურება არ მოყვა. ჩამოვედით, რათა ახლოდან მიგვეწვდინა ხმა. პასუხს ველოდებით. არ ვაპირებთ დაშლას, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, თუ რა უნდა ქნას ამ ხალხმა, როგორც უნდა იარსებოს“, – განაცხადა „აგარის შაქრის“ თანამშრომელმა, ნიკოლოზ მუჩაიძემ.

კომპანიაში იყო დასაქმებული 481 ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია. ქარხანამ მუშაობა შვიდი თვის წინ შეაჩერა.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

მომიტინგეების თქმით, კომპანია „აზერსუნი“, რომელსაც „აგარის შაქარი“ ეკუთვნის, ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.

მომიტინგეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ბიზნეს-ომბუდსმენ ლევან კალანდაძესთან ერთად მსვლელობისას აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მათ მოლაპარაკება შესთავაზეს. ქარხნის ყოფილი მუშები დიალოგისთვის მზად არიან.

„პრობლემის გასაღები არის ქარხნის ამუშავება. ხელისუფლებას დაწყებული აქვს კონსულტაციები და კომუნიკაცია ინვესტორთან.  ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატსაც ჰქონდა მათთან კომუნიკაცია. არის მზაობა კომპრომისის მისაღწევად. ჩვენ  საბანკო სექტორთანაც გქონდა კომუნიკაცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ფინანსური პრობლემები აქვთ, სესხები 6 თვის ვადით გადაუვადდეთ, რათა მათზე ფინანსური წნეხი შემცირდეს”,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0