13:10 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საფრთხე - აზიური ფაროსანა საქართველოში 2018 (45)
331 0 0

მთავრობა ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მთავარი კომპონენტი იქნება პრინციპი „მოიზიდე და მოკალი", განაცხადა მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში.

გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი არის "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ფერმერის ეზოში ან ტყეში, ან სადმე ერთი ხის ან ბოძის შერჩევას და მისი ფერომონით დამუშავებას. ფერომონი მოიზიდავს ამ მავნებელს და კონკრეტულად ეს ხე ან ბოძი იწამლება. ამგვარად დანარჩენი გარემო და ხეები დაცული იქნება საწამლავისგან", — განაცხადა ხანაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტრომ ეს პრაქტიკა უკვე გამოიყენა გასულ წელს და ახლა ამ კომპონენტის დანერგვას აპირებს ფერმერებს შორის.

ხანაშვილმა აღნიშნა, რომ ფერმერებმა თავად უნდა შეისყიდონ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებები, რათა დაიცვან საკუთარი მოსავალი.

„სახელმწიფო თვალს მიადევნებს აზიური ფაროსანას გამოჩენას. ის ფერომონებს განათავსებს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე და როგორც კი რომელიმე წერტილში მავნებელი მწერის კონცენტრაცია მიაღწევს საშიშ რაოდენობას, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს გასცემს მავნებელთან ბრძოლის დაწყების შესახებ", — აღნიშნა ხანაშვილმა.

მისი თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა ხერხიც იქნება გამოყენებული — მოსავლის დამუშავება ინსექტიციდებით, რასაც თავად ფერმერმა უნდა მიხედოს.

ხანაშვილმა აღნიშნა, რომ მწერთან ბრძოლის საშუალებები ძვირი არ იქნება და მის შეძენას ყველა ფერმერი შეძლებს.

მავნებელი მწერის მიერ მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურმა ფაროსანამ 2017 წელს თხილის მოსავლის 20% გაანადგურა. ზარალი მიადგა ასევე სიმინდისა და ყურძნის მოსავალსაც.

თემები:
საფრთხე - აზიური ფაროსანა საქართველოში 2018 (45)

მთავარი თემები