თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. წყნეთში 35 ოჯახი იმ ბინების კანონიერი მფლობელები გახდებიან, რომლებშიც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს საცხოვრებელი ფართების დაკანონება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად 1 ლარად დაუკანონდებათ და გადაეცემათ.
„ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა მივეცით. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.