თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობა პროფილაქტიკის მიზნით იშვიათად იტარებს სამედიცინო გამოკვლევებს, ასეთია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
ACT-ის ექსპერტები დაინტერესდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისელები რამდენად ხშირად იტარებენ სამედიცინო გამოკვლევებს.
კვლევის შედეგების თანახმად, ათიდან ოთხ თბილისელს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. თბილისელების ერთი მესამედი ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს (32%), ხოლო ერთი მეოთხედი კი პროფლაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს (24%).
ექსპერტები ასევე დაინტერესდნენ, ბოლო პერიოდში თბილისელების რა ნაწილმა მიმართა ექიმს უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. როგორც ირკვევა, თბილისელების ნახევარმა (50%) ბოლო 6 თვის განმავლობაში ექიმს ამ მიზეზით მიმართა. ეს კატეგორია, ძირითადად, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები არიან. გარდა ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე თბილისელების უმრავლესობამ, ბოლო 6 თვის მანძილზე (66%) ოჯახის ექიმს მიმართა, სხვა პროფილის ექიმებს კი მხოლოდ 12%-მა. კერძოდ, კარდიოლოგებს (25%) და ოფთალმოლოგებს (15%).
18-35 წლის ასაკის თბილისელები ბოლო 6 თვის მანძილზე კონსულტაციაზე გინეკოლოგთან (24%) იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ამ ასაკობრივი ჯგუფის რესპოდენტების 19% სტომატოლოგთან იმყოფებოდნენ.
კვლევა თბილისში 7-9 ოქტომბრის პერიოდში შემთხვევით შერჩევის მეთოდით ჩატარდა. სულ გამოკითხულია 400 თბილისელი.
ACT — კონსულტაციისა და ანალიზის გლობალური კომპანიაა, რომელიც დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.