22:03 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)
99 0 0

საქართველოს მთავრობის წევრებმა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დღეს განაცხადეს, რომ მისი სახით ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს — მასთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები.

პოეტი ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვის წინ მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. გასულ კვირაში ჩარკვიანის ოჯახმა განაცხადა, რომ პოეტი კომიდან გამოვიდა. 86 წლის ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მთავრობის წევრები, ხელოვნების მოღვაწეები და სხვა ცნობილი პიროვნებები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს ქართულ საზოგადოებას", — ნაქვამია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში

.

ჩარკვიანის დამსახურება აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ვემშვიდობებით ადამიანს, რომლის ღვაწლიც ქართულ კულტურაში უაღრესად დიდია. გარდა თავის შემოქმედებისა, ჯანსუღ ჩარკვიანი გამოირჩეოდა ძალიან აქტიური პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით. ის წლების განმავლობაში ჟურნალებს, "ცისკარსა" და "დილას" რედაქტორობდა. სწორედ "ცისკარში" გამოქვეყნდა ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია და წარმოიდგინეთ, ეს იმ დროისთვის როგორი გაბედული ნაბიჯი იყო. მისი წასვლით გარკვეულწილად გარკვეული ეპოქა დასრულდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში", – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.

მინისტრმა პოეტის ოჯახსა და თაყვანისმცემლებს სამძიმარი გამოუცხადა.

ჩარკვიანი მომავალი თაობისთვის მაგალითი გახდა, მაჩვენებელი იმისა, როგორია ღირსეული ადამიანის ქცევა, განაცხადა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა.

„ჯანსუღ ჩარკვიანი სწორედ ის ხელოვანია, რომელიც არასდროს წავა და არ დატოვებს თავის სამშობლოს. ის ყოველთვის იქნება თავისი პოეზიით, თავისი პუბლიცისტიკით, თავისი ნაწარმოებით,"- განაცხადა ნიკა რაჭველმა ტელეარხ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით „ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.

ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი „ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1996 წელს მას „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭეს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

თემები:
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)

მთავარი თემები