თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ფესტივალი Georgian Wine Festival, რომელიც თბილისში 15 ოქტომბერს გაიმართება, გაახარებს დედაქალაქელ ენოფილებსა და არა მხოლოდ მათ.
ღვინის ფესტივალი ძველ უბანში, შარდენისა და სიონის ქუჩებზე 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
"ქართული ღვინის მწარმოებლები გრანდიოზულ ფესტივალს გამართავენ, სადაც მცირე, საშუალო და მსხვილი ღვინის მწარმოებლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან", — აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
ეს იქნება ფესტივალი არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ქართული ღვინო უყვარს, არამედ მათთვისაც, ვინ დაინტერესებულია მეღვინეობის ისტორიით, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ფესტივალზე შესაძლებელია ღვინის 40-მდე სახეობის დაჭაშნიკება, ქართული ყველის უნიკალური სახეობების, ჩურჩხელის, ჩირის, ქართული პურის დაგემოვნება. ეს ყველაფერი მუსიკის ფონზე გაიმათება.
იქვე გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა.
Georgian Wine Festival-ის ფარგლებში ასევე იწყება პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ", რომლის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფესტივალის მონაწილეები პროექტისთვის თითო-თითო თეთრ და წითელ ღვინოს წარმოადგენენ. საუკეთესო ნიმუშებს "ბრმა დეგუსტაციის" საფუძველზე თავდაპირველად შეარჩევენ ფესტივალის ჩვეულებრივი სტუმრები, ხოლო შემდეგ უკვე ამ ამორჩეული ღვინოებიდან გამოცდილი სომელიეები განსაზღვრავენ "10 ღვინოს, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!"